რა გვახსენდება, როცა ანა კალანდაძის დაბადების დღე გვავიწყდება

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

რა გვახსენდება, როცა ანა კალანდაძის დაბადების დღე გვავიწყდება

2019 დეკ 17 11:44:21

95 წლის წინ, 15 დეკემბერს დაიბადა ქართული პოეზის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე. იმ დღეს, სოციალური ქსელი გადავათვალიერე და მხოლოდ ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ფეისბუქგვერდზე შემხვდა შეხსენება - დღეს ანა კალანდაძის დაბადების დღეა! მანამდე კი, ქეთევან დუმბაძის გვერდზე გამოქვეყნებული ანა კალანდაძის ლექსი გავიზიარე...

რა გვახსოვს, როცა ანას დაბადების დღე გვავიწყდება?! როცა გავიწყდება სამყარო, სადაც სამშობლოს, ბუნების, ადამიანის სიყვარულია... სამყარო, სადაც არ არის ბოროტება, ერთმანეთის სიძულვილი, ღვარძლი...

ანას მშობლიური ჩოხატაურიდან, 15 დეკემბერს,  რაც მთელი საქართველოს მაშტაბით გაიგეს, ალეკო ელისაშვილის და მისი მხარდამჭერების აქცია _ “ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალები“ იყო, რომელიც ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.

ზუსტად იმ დღეს, როცა ქართული პოეზიის დედოფლის დღე უნდა იყოს მთავარი,  პოლიტიკოსობის მაძიებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტ რამეს წამოაძახებდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო მაგარი გამოჩნდებოდა ხალხის თვალში, ვინ უფრო მეტად დაიძარღვებოდა და უფრო ხმამაღლა იყვირებდა...

მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი ეკუთვნის ანა კალანდაძეს, მაინც ვერ ავცდი პოლიტიკურ ელფერს, რადგან დღეს საქართველო მხოლოდ ამ სამყაროში ცხოვრობს და არა ხვიარა არჯაკელის, მხარგაშლილი მთების სამყაროში, ჭადრის ნაამბობ ზღაპარში...

ეს ზღაპარი ცალკეა და ერის ფეისბუქ- ინსტრაგამ-იუთუბ სამყარო - ცალკე: უმეტესად, სიძულვილის ენით, ურთიერთგინებით, სხვისი დაკნინებით, ყალბი ღირებულებები და მხდალი  ვაჟკაცობით.... ამიტომ არ გვეამაყება ამ სამყაროში ანა კალანდაძე, რომელსაც წელიწადში ერთი-ორჯერაც ვერ ვიხსენებთ...

“ ანა კალანდაძე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არც ინტერვიუები უყვარდა და არც ხალხმრავლობა. მას ჰყავდა მგობრების გარკვეული წრე, რომლებთანაც ბოლომდე იხსნებოდა და თავის გულისნადებს უზიარებდა. ამას კოლეგები პოეტის განსაკუთრებლობას მიაწერდნენ. ამბობდნენ, დიდი პოეტები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ და დახურულ ცხოვრებას ეწევიანო. ამის გამო, ანა კალანდაძეს ხშირად ადარებდნენ გალაკტიონს. თუმცა პოეტი თხოვნაზე უარს ვერ ამბობდა და როცა დათანხმდებოდა, მერე კიდევ სწუხდა, ახლა სხვაგან მეპატიჟებიანო. რაკი ხალხი ასეთ სიყვარულს უცხადებდა, იძულებული იყო, წასულიყო მათთან“(წყარო: არტინფო.გე).

“....და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს....
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია....
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა....
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა“... - ეს ლექსი ანა კალანდაძემ 1945 წელს დაწერა, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო, ხალხს უჭირდა, შიოდა, ციოდა და  მშვიდობიანი ცხოვრება ენატრებოდა.....

ჰო, არ მინდა გამომრჩეს - იმ დღეს, ქართველების ერთმა ნაწილმა, საოკუპაციო ხაზთან  ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული ვაჟა ექიმის დაკავება გააპროტესტა.

 

 




არქივი