ფირალები გოგია ლომჯარია, დათულია სურგულაძე

ისტორია

ფირალები გოგია ლომჯარია, დათულია სურგულაძე

2020 იან 11 16:53:25

გოგია ლომჯარიას დაბადების მიახლოებითი თარიღია 1860 წელი, ფირალობაში მან ექვსი წელი გაატარა, მოკლეს 1886 წელს. ფიზიკურად ყოფილა საშუალო ტანის, სქელი მამაკაცი. იარაღად ატარებდა “ყაფაღლა” თოფს (გადმოცემით გადაჭრილი თოფი, “აბრეზი”) ფიშტოს და ყამას”.

ლომჯარია ფირალად გავარდა 1881 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწის თავად ანტონ ნაკაშიძის მკვლელობის გამო. ”თ. ნაკაშიძე მოჰკლეს 19 ნოემბერს, საღამოს მეექვსე საათზე, თავის სახლიდამ ორას საჟენის სიშორეზე, იმ დროს, როდესაც ის ქუთაისში მიემგზავრებოდა. თოფი მარცხენა ძუძუში ჰკრეს და ტყვია მარჯვნივ გამოვარდა. ძვლივს მოასწრეს წმ. საიდუმლოს მიღებინება. მკვლელი დღესაც გაქცეულია. ის არის სოფ. შემოქმედის მცხოვრები გლეხი ლომჯარია... ეს მეოთხე დღეა, რაც ქუთაისის ღუბერნატორიც ჩამოვიდა და აქ არის”. დროება 1881 წ. # 252

თავადი ნაკაშიძე ყაჩაღების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით იყო ცნობილი. დროების 1880 წლის # 153 ნომერში აღწერილია ყაჩაღობისა და მკვლელობის ორი შემთხვევა, რომელსაც ადგილი ოზურგეთის უეზდში ჰქონდა. გაზეთი წერდა: “...ამის თაობაზედ არის ფიცხელი გამოძიება და რამოდენიმე კაცებიც დაჭერილნი არიან. ამაზედ ძლიერ მეცადინეობენ უეზდის უფროსის თანაშემწე თ. ა. ნაკაშიძე და პოლიციის პრისტავი ი. დუმბაძე... იმავე წამში წავიდნენ დაჭრილთან, გამომძიებელი და უეზდის უფროსის მოადგილე თ. ნაკაშიძე... და მოახდინეს ფიცხელი განკარგულება ავაზაკების დაჭერისა: გამოაკიდეს ავაზაკ თათრებს პრისტავის თანაშემწე კ. გოგიტიძე ყაძახი-რუსებით, მამასახლისით და მარჯვე დაიარაღებული ოცი ბიჭებით რომლებმანც მეორე დილით მოიყვანეს თოკით შეკრული სამი ავაზაკი, ორი თათარი და ერთი გურული, რომელნიც ამ ჟამად დატყვევებულნი არიან”. ამავდროულად, ცნობილია, რომ ნაკაშიძე ხშირად ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ასეთი რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. მე აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. თურმე ერთხელ მამასახლისმა მოიძია კაცი, რომელიც ფირალებს მფარველობდა და ნაკაშიძეს წარუდგინა. მაგრამ მადლობისა და წახალისების მაგიერ, ნაკაშიძემ მამასახლისს ჩამოხსნა ჯაჭვი და საპყრობილეში ჩააგდო. “...ბ. ნაკაშიძე აგრე სასტიკად მოექცა მამასახლისს იმიტომ, რომ მამასახლისის მოხსენებით საქმეში ებმებოდა ბ. ნაკაშიძის ერთის მწყალობლის ნათესავი”. დროება 1881წ. # 192

გოგია ლომჯარიას შვილი მიხაკო იხსენებდა: “მამაჩემი იყო ხელობით უსტა. სეზონობის დროს ჩალანდრობდა შეკვეთილის გზაზე.. ნაბახჩვარში ყანაც ქონდა. ამ დროში ერთ აქაურ უმუშევარ აზნაურიშვილს მუუპარავს ხარი და მამაჩემიზა უთქვამს, აი ხარი ამა და ამ პორაჩიკთან მიმიყვანეო... მამაჩემს ვეღარ გუუწპილებია. აგი გეიგო მთავრობამ და მამაჩემი დეიჭირეს და ჩააგდეს ნიობახში... თავდებობაში გამუუყვანიენ მამაჩემი იმ პირობით, რომე სუდი მაინც უნდა ყოფილიყო ამ საქმეზე...”

ლომჯარია მივიდა ანტონ ნაკაშიძესთან და უთხოვია, უდანაშაულო ვარ და ჩემს ცოდვას ნუ აიღებ, დამეხმარეო. მაგრამ ნაკაშიძემ უარი უთხრა და თანაც დაემუქრა, _” შენი მოხმარება მე ვიცი, ხვალ გუბერნატორთან მივალ და ასთე და ასთე გიზამო...”

იმ დროს ლომჯარიას ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სასოწარკვეთილმა ანტონ ნაკაშიძეს დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. თავადის მოკვლა ნაკაშიძის ძმის, მელიტონის შეგონებამ გადააწყვეტინა: მელიტონს ძმის ადგილი უნდოდა და ლომჯარიას შეუჩნდა: _ “მეიცილე მაი ძაღლი, ხომ ხედავ, რას გიშობავო...” იმ დროს მაზრის უფროსი იყო თავადი ოტია დადიანი, “დადიანობით ადმინისტრატორი, ისე კი ყოვლად უვიცი”. მაშინ ფირალობდა დათულია სურგულაძე, რომელიც პოლიციამ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ ჩაიგდო ხელში. ამის გამო დადიანს გუბერნატორისაგან ყოველდღიური საყვედურები მოსდიოდა და დათხოვნითაც ემუქრებოდა. მელიტონმა, რომელმაც კარგად იცოდა დადიანის გონებრივი შესაძლებლობები, გადაწყვიტა საქმე გაეჩარხა. მან შესთავაზა დადიანს, რომ ლომჯარიასთვის ხარის მოპარვა ეპატიებინათ, სამაგიეროდ ის სურგულაძეს მოკლავდა. დადიანი მაშინვე დათანხმდა და ფირალის მოკვლისთვის ლომჯარიას დასაჩუქრებას დაპირდა. მელიტონ ნაკაშიძე შეხვდა ლომჯარიას და საქმის ვითარება გააცნო: “ვეზდის ნაჩალნიკს, დადაიანს გადაეკიდა მისი პომოშნიკი ანტონ ნაკაშიძე, რომელიც ცდილობს დადაინი გადააგდოს და მის ადგილას თვითონ დადაგეს. შენ თუ ანტონ ნაკაშიძეს მოკლავ, დადიანი ხარის ქურდობას გაპატიებს და დაგასაჩუქრებს კიდევაცო”. რაღა თქმა უნდა, რომ 20 წლის ცოლ-შვილიანი კაცი, რომელსაც “პრიგოვორით” გადასახლება ემუქრებოდა, დათანხმდა. ნაკაშიძემ ლომჯარია დადიანს მაშინ შეახვედრა, როცა ის “კარტის” თამაშით იყო გართული. მაზრის უფროსმა უთხრა: რაც მელიტონმა გითხრა, იმ ძაღლს თუ მოკლავ (ძაღლში კი სურგულაძეს გულისხმობდა და არა ნაკაშიძეს) 100 მანეთსაც გაჩუქებ, ერთ ბერდენას მოგცემ და მამასახლისის ჯაჭვს გადაგკიდებ გულზეო...

ლომჯარიას თოფი კი ჰქონდა, ბაზარში ტყვია-წამალი იყიდა და როცა ანტონ ნაკაშიძე ეტლით ქუთაისში გუბერნატორთან მიემგზავრებოდა, მას ჩაუსაფრდა და ერთი გასროლით გამოასალმა სიცოხლეს. მკვლელი მალე თვითონვე ჩაბარდა ხელისუფლებას. ამგვარი პროვოკაციებით ადგილობრივი ადმინისტრაცია განთქმული იყო. სოფელ სუფსაში ლანჩხუთის ბოქაულმა სიკო ჯაფარიძემ ვახტანგ გურიელს დაბრალდებაო, მოაწყო თავდასხმის ინსცენირება, თავის აგენტებს დააბრიყვებინა ვიღაც ქობულეთელები. მათ დაახვედრა წინასწარ ჩასაფრებული პოლიციელები და რამდენიმე კაცი მოაკვლევინა. ასეთივე ჩაწყობილი თავდასხმა მოახდინეს სადგურ ნიგოთში მატარებელზე, რომლის გამო ერთი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი, გვარად გიგინეიშვილი, ჩამოახრჩვეს.

“საქმის მსვლელობიდგან ნათლად არ ჩანდნენ აქომამდის ის პატივცემული პირები, რომელთაც იკისრეს საზიზღარი საქმე და აიძულეს ლომჯარია მატერიალურის საშვალებით და სხვა-და-სხვა იმედებით ამგვარ წრეს გარდასულ ხელობაზედ, და არც ის მოტივები, რომლითაც იხელმძღვანელა ლომჯარიამ ამგვარ საქმეში... უბრალო მიზეზის გამო, ესე იგი ხარის ქურდობის შეწამების გამო, ტყეთ გავარდნა შეუძლებელია.... როგორც ამბობენ ახლა ლომჯარიას დაუსახელებია გუბერნატორის წინაშე რამოდენიმე პირი, რომელთაც ფულის შეპირებით, თუ სხვა იმედებით აიძულეს ის ამ გვარ საზიზღარ საქმეზედ. ამ პირებში პირველი როლი ეკუთვნის ერთს, რომელსაც იმდენი შეძლება აქვს რომ ფულის შემწეობით გურიაში ყოველთვის შეუძლია მოწმეების მიყიდვა და საქმის სხვა ნაირად დატრიალება; მაშა სადამე, ამ გვარი პირის მოქმედების გამოაშკარებაც ხუმრობა არ არის.” დროება 1882 #75

სულ მალე მელიტონ ნაკაშიძეც დააპატიმრეს. “მოკლული ნაკაშიძის თაობაზედ კიდევ ახალი პირი, ნათესავი მოკლულისა, დაიჭირეს, რადგანაც მკვლელმა განაცხადა, რომ იმისი მოსყიდული ვიყავიო”, _ დროება 1882 # 191 საგაზეთო სტატიების მიხედვით ლომჯარიას თავიდან ო. დ-ნზე, ანუ ოტია დადიანზე დაუდია ხელი, შემდეგ ჩვენება გადათქვა და ნაკაშიძეზე მიუთითა.

თანასოფლელები მას როგორც წესიერ ადამიანს ახასიათებდნენ: “საცოდავი კაცი იყო გოგიე, ქურდობა დაედვა ტყუილა და ტანჯავდენ. უენო კაცი იყო. მაგი თუ ფირალობას იზამდა ვინ იცოდა”; “სოფელს არაფერზე არ აწუხებდა და ამ სოფელში გლახა კაცი სხვაიც ვერ ჩამევიდოდა, იცავდა სოფელს..”

დროება ცდილობდა გარკვეულიყო, თუ რამ აიძულა ახალგაზრდა კაცს მკვლელობაზე წასვლა. “ლომჯარია, მკვლელი თ. ანტონ ნაკაშიძისა, არის ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც როგორც ამბობენ, ბევრი იმედები ქონებია ცხოვრებაში. იმას ჰყავს ცოლშვილი, მოხუცებული დედა, უმეტესი ნაწილი თავისი ცხოვრებისა გაუტარებია გარეთ ვაჭრობაში, ქალაქებში... ის იყო ერთობ წინდახედული ახალგაზრდა სოფლის გლეხი. ამ გვარი კაცის ისე გატაცება, რომ მან დასტოვოს ცოლ-შვილი, ოჯახი, ვაჭრობა და კეთილი განწყობილება მეზობლებისა... შეუძლებელია უბრალი მიზეზის გამო”. დროება 1882 #75

დოკუმენტებიდან არ ჩანს, თუ როგორ დააღწია მან თავი პატიმრობას, ალბათ გამოიქცა, რადგან თავადის მოკვლას ასე ადვილად არავინ აპატიებდა. გაქცევისთანავე ის შუერთდება თავის არშემდგარ “სამიზნეს” _ სახელგანთქმულ ფირალს დათულია სურგულაძეს. დროება 1882 # 66.

დათულია სურგულაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. მაკვანეთში. როგორც ამბობენ, ის მოსახლეობაში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. დათულიას ძმისშვილი ისაკი სურგულაძე გადმოგცემს ბიძის ფირალად გავარდნის მიზეზს: “ჩვენს მამებს ორი ქცევა მიწა ჰქონდა, მოვიდა თავადი ნაკაშიძე და შეედავა მიწაში _ ჩემიაო. გამოხსნა ხარები. მამაჩვენმა დაარტყა თავადს _ ავქსენტი ნაკაშიძეს. თავადს კაცები ახლდა. მოხთა შეტაკება. დათულიამ გაიგონა კივილი, მოვარდა და მოკლა ავქსენტი...”

მისი ერთი თანამედროვეს ცნობით:” დათულიე ხალხს აფერს არ უშავებდა და ამიზა ხალხის ღალატის არ ეშინოდა. ერჯელ მის მეზობლისას რაცხა შემთხოვა იყო, ხალხი ქუხნაში იყო და რაცხეებს ლაპარიკობდენ. დათულიეც გარეულიყო ხალხში და ლაპარიკობდა. თოფი ეგერ კუთხეში მიეყუდებია და დამჟდარიყო ცეხლის პირში. ხალხი ისთე იყო მასთან, რომ რუმარ უღალატებდა იცოდა, თვარა ფირალი ისთე როვა ენდობოდა. დათულიას დაჭირვაზე მაშვინ თავრობას ფული ქონდა გადადობილი. ერთი ნიგუზალი. რომ ერეხვებია ვინმეს თავში მეტი არ უნდოდა, მარა ამისანა გლახა საქმე რომ გეფიქრა, კაცი არ მოგეხმარებოდა, დათულიასკენ იყო ყველა და ცოცხალს როვა გაგიშობდენ... ნამეტარი ღარიბი იყო. ერთი პაწა სახლი ქონდა მაამის. ვოძდაათი წლის იქნებოდა რუმ მოკლეს.” ძმისშვილის მოგონებიდან: “აჭისწყალში გლეხები ვერ ჩავიდოდნენ სათევზაოთ, დააწურინებდნენ, ნიგვზის ნაყს ჩაყრიდნენ და თევზს აზნაურები წაიღებდნენ. დათულიამ რამდენჯერმე ამოყარა აზნაურები და გლეხებს ამოათევზინა”. სურგულაძის სულ სხვა პორტრეტს გვიხატავს დროების კორესპონდენტი: ”...სურგულაძე, ლომჯარია და სხვები მრავალნი, რომელთა გვარის ხსენებას ვერ გავბედავ, შეკავშირდენ მტკიცეთ და რას არ სჩადიოდნენ: ხან კაცს კლავდნენ, ხან ცარცვავდნენ, ხან ოჯახებს სწვავდნენ და სხვ. ისე გათამამდა ხსენებული სურგულაძე, რომ ზოგს შეუთვლის _ არა სთქვას რა მისი საწინააღმდეგო, თორემ მოჰკლავს; ზოგს შეუთვლის, რომ ამდენი და ამდენი ფულები ამა და ამ პირს გარდასცეს მის, სურგულაძის, გარდმოსაცემად, თორემ დაუწვავს სახლ-კარს ან მოჰკლავს.

ამ სახით ისე შეაშინა მთელი შემოქმედის სოფლის მცხოვრებნი, რომ ყველგან მზათ ჰქონდათ დათულია სურგულაძეს და მის ამქრებს ღამის გასათევი სახლი, საჭმელი და ყოველივე, რაც დასჭირდებოდათ... ყველა ოჯახის პატრონი საღამო ჟამს ორი კაცის ულუფას, ანუ კერძს დაამზადებდა და შეინახავდა ხოლმე, რომ იქნება დათულია სურგულაძემ ინებოს გამოვლა და ზაკუსკის მირთმევა.

ერთის სიტყვით მცხოვრებნი სოფლის შემოქმედისა, გარდა აზნაურის ანტონ დუმბაძის (ივანე დუმბაძის მამა _ ი. მ.) ოჯახისა, ყურ მოჭრილი ყმები იყვნენ ბატონის სურგულაძისა და მთელი გურიაც და თვით ოზურგეთის ქალაქში მცხოვრებნი ნიადაგს შიშში იყვნენ. ყოველივე ეს იცოდა როგორც მამასახლისმა, აგრეთვე ჩვენმა ადმინისტრაციამაც, მაგრამ...”

1882 წლის მარტში სურგულაძე და ლომჯარია წითელმთაში გოგია ჩიტაიშვილის ოჯახში მივიდნენ. მათ მასპინძელი ბათუმში ჩაქურების საყიდლად გააგზავნეს, დათქვეს რომ ერთმანეთს ორი დღის შემდეგ შეხვედრილიყვნენ. ეს ამბავი ჩიტაიშვილისგან შეიტყო შტაბს კაპიტანმა ივანე დუმბაძემ, რომელიც მანამადე სტრაჟნიკებთან ერთად მათ ორჯერ ჩაუსაფრდა, მაგრამ ამაოდ. იმავე წლის 18 მარტს კი, როცა ფირალები ჩიტაიშვილთან იმყოფებოდნენ, დუმბაძე მილიციონრებთან ერთად მათკენ გაეშურა და ფირალებს სოფლის კანცელარიის მახლობლად გადააწყდა.

აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას დროება: “დუმბაძეს ხლებია თან სამი მილიციონერი, როდესაც ივანე დუმბაძემ შესძახა ავაზაკებს, დათულიამ იმავე წამს ესროლა თოფი, იმავე წამს მოისმა თურმე მეორე თოფის ხმაც დუმბაძისა და ერთი ერთის მხრით წაიქცა და მეორე მეორეს მხრით; დუმბაძე მძიმეთ დაიჭრა ბარკალში და სურგულაძემ მიიღო ჭრილობა მუცელში, მაგრამ საკვირველი ღონის და სიმარჯვის მქონმა გველივით გაათრია დაკოდილი მუცელი და მოაჯდა ერთს მახლობლად მდგომს ხეს და იქიდამ იმან და მის ამხანაგმა ლომჯარიამ აუტეხეს დუმბაძეს და მის მხლებელთ საშინელი თოფის სროლა. შვიდი ტყვია მოარტყეს სურგულაძეს, მაგრამ სანამ სრულებით სული არ დალია, მანამ არავის დანებდა”. დროება 1882 წ. # 66

დათულიას ძმისშვილი ერმილე იხსენებდა: “შვიდი ტყვია რომ უსროლიან, მიყუდებულა ხეზე, გადაღუნულ მუხაზე. ახლოს მისვლა ვერ მიბედეს. გაუშვეს მამაჩემი, _ გვანახიე შენი ძმაო. მივიდა მამაჩემი და დაუძახა პრისტავს: _ მოდით, ნუღარ გეშინიათ, მკვტარია აგი უბედურიო”. შეტაკებისას დუმბაძემ მეორე ჭრილობაც მიიღო ფეხში, მაგრამ დაჭრა ლომჯარიაც, თუმცა მისი შეპყრობა ვერ მოხერხდა, რადგან “...იქ მისულმა ხალხმა, რომელთა შორის შემოქმედის მამასახლისი თავისი ჯაჭვით ბრძანდებოდა, გადამალეს დაჭრილი ლომჯარია. ცხადი საფუძველი მაქვს ვსთქვა, რომ დაჭრილი ლომჯარია დამალულია სოფ შემოქმედში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც აქომამდე მისის და სურგულაძის დასაჭერად არავითარი ღონისძიება არ იყო მიღებულნი, ისე ლომჯარიას მონახვისთვისაც არაფერს დიდ შრომას არავინ იკისრებს. თუ შემოქმედში ლომჯარია მოარჩინეს ჭრილობიდგან და კიდევ გამოუშვეს მინდვრად, მაშინ ის მოგვიკიდება, როგორც დაჭრილი დათვი...” დროება 1882 წ. # 66

როცა სურგულაძე მოჰკლეს ერთ-ერთ დამსწრეთაგანს დაუსვრია ხელი დათულიას სისხლში და ჩიტაიშვილის სახლის კედელზე დაუწერია: ”მოღალატის სახლძე ეს სისხლი დარჩეს მის სამახსოვროთ და შესარცხვენათ”.
მის შესახებ შემორჩენილია ლექსის ერთი კუპლეტი:
წითელფთაში მოღალატეს
სული ამომაძრეს წამზე;
ჩემს თავს ვიღან ჩივოდა
თუ გადამირჩა დუმბაძე.
Кавказъ აცნობებდა მკითხველს რომ დუმბაძემ დაჭრილი ლომჯარია შეიპყრო და ქუთაისის გუბერნატორს მიჰგვარა, მაგრამ როგორც გაირკვა ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა. პირიქით, ლომჯარიას სროლის დროს თოფი გაფუჭებია. ის ვიღაცის ოჯახში შევარდა და თოფი შეაკეთა. როცა დაჭრილი დუმბაძე მიჰყავდათ სროლა აუტეხა და ფირალების გამცემი ვანიძე დაჭრა. Кавказъ ასევე წერს ანტონ დუმბაძისა და ლომჯარია-სურგულაძის მტრობაზე: თითქოს ლომჯარიას ანტონ დუმბაძისაგან მოეთხოვოს 500 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიკვდილით ემუქრებოდა (ამის თაობაზე დროება აღნიშნავდა: “ჩვენ გურულებმა კარგად ვიცით, რომ პატივცემული დუმბაძე არის ერთი ღარიბთაგანი აზნაურიშვილი გურიაში და ვის გაუგონია, რომ ავაზაკებმა მიატოვონ მდიდრები, და ღარიბებს მოსთხოვონ ფული?”) დროება 1892 წ. # 90
თავის მხრივ სურგულაძე კი ივანე დუმბაძეს ცოლის მხევლად წაყვანას დამუქრებია. დუმბაძის და სურგულაძის ურთიერთ მტრობის შესახებ სოფ. დვაბზუს ერთი მცხოვრები იხსენებდა: ივანე დუმბაძეს მოუტაცია თავად ესე გურიელის ქალიშვილი. გურიელს უსირცხვილებია აზნაურ დუმბაძის სიძეობა და ფირალ სურგულაძეს დაავალა ივანე დუმბაძის მოკვლა. ეს გაუგია დუმბაძეს და სურგულაძეს გადაემტერა. მიუხედავად ამისა, სურგულაძეს არ მოუკლავს დუმბაძე, თუმცა ამის შანსი ჰქონდა. ”დათულიე ძალიანი პატიოსანი იყო, უდანაშაულო კაცს არ აწუხებდა, ფირალი დათულიასანა უნდა იყოს ყველაყავო, ჩივოდენ ხალხი”. სურგულაძემ იცოდა, რომ დუმბაძის მოკვლას ეგზკუცია და ხალხის აწიოკება მოჰყვებოდა და ერიდებოდა სისხლისღვრას, ამიტომაც როგორც ამბობდნენ, დუმბაძისაგან ფულის გამოძალვის ფაქტი სიმართლეს არ შეეფერება.

ლომჯარიას დამალვის შემდეგ “თავრობამ... ეგზეკუცია ჩამუაყენა ჩვენ სოფელში... ჯარი მუზიკით ამოსულა წითელფთაში. ხალხიზა მუუთხოვნიან ფირალი ლომჯარია... ხალხს გუუნადგურდა ზროხა, ხარი, ქათამი და ყოლიფერი, მარა რა ექნა,” _ იხსენებდა მიხაკო ლომჯარია. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32
“ლომჯარიას დასაჭერად, გურიის მაზრის უფროსის განკარგულებით, სოფ. შემოქმედში სამი სოტნა რუსის ყაზახები ჩაუყენებიათ... მთელს შემოქმედის სოფელს რა ბრალი აქვს, რად უნდა ჰღუპავდეს იმას სამი სოტნა ყაზახები, როდესაც ეს ლომჯარია ვიღაც ერთ კაცთან იქნება დამალული და ისიც ამ სოფელში კი არა, სხვაგან სადმეო,” _ დროება 1882 წ. # 66 სოფელ შემოქმედში ეგზეკუციას ხელმძღვანელობდა მაზრის უფროსის მოადგილე იუნოშა, რომლის განკარგულებაში ჯარისკაცების ორი როტა იყო. მათ ყველა საეჭვო ადგილი დაათვალიერეს, სადაც ყაჩაღი შეიძლებოდა ყოფილიყო, ბანაკი დასცეს და მცხოვრებლებისაგან ლომჯარიას დაუყონებლივ გაცემა მოითხოვეს, რაზედაც ხალხმა ხუთი დღის ვადა ითხოვა. “სრულებით გააწყალეს სოფელი, საცა კარგი ძროხა, ხბო, ინდაური და თუ სხვა მოეწონებოდათ, დაავლებდნენ ხელს, დაჰკლავდნენ და მიირთმევდნენ. ქვევრები სულ დაამტვრიეს და ისე დალიეს ღვინო. ამგვარი მოქმედება ადგილობრივი მაზრის უფროსისა, ამგვარი ეგზეკუციის ჩაყენება მით უფრო არ იყო საჭირო, რომ ნამდვილად იცოდნენ სად იყო და სად იმალებოდა ლომჯარია და პირდაპირ იქ შეეძლოთ იმის ნახვა და დაჭერა”. დროება 1882 #77 ეგზეკუციის დროს ასეთი ქცევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამით სარგებლობდა მთავრობა და სურდა გლეხები ფირალების წინააღმდეგ აემხედრებინა, რასაც ხშირად აღწევდა კიდევაც.

აზნაურებმა ძმებმა ჩხატარაშვილებმა ლომჯარია დაიყოლიეს, რათა ის იქაურ ადმინისტრაციას არ ჩაბარებოდა, არამედ ქუთაისში გუბერნატორს ხლებოდა. რატომ გააკეთეს ასე დღემდე უცნობია. დროება ეჭვს გამოთქვამდა, რომ თავმდებმა იესე ჩხატარაიშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ გუბერნატორისგან მადლობა დაემსახურებინა და აეცილებინა ორი ათასი მანეთის გადახდა, რაც სასამართლო ითხოვდა თავდებობისთვის. შეიძლებოდა ლომჯარიას წაყვანა ოზურგეთში, რომელიც შემოქმედიდან სულ ექვსი ვერსის მანძილზე იყო, სადაც სასამართლოც და ადმინისტრაციაც არსებობდა და არა ქუთაისში, რომელი 100 ევრსითაა დაშორებული. “...ძალიანი რომ შეწუხთა ხალხი, მაშინ ჩამოდგენ ჩხატარაშვილები და წეიყვანეს მამა ქუთაისში გუბერნატორთან შესარიგებლათ. ევიდენ თუ არა გუბერნატორთან, გუბერნატორს ტელეგრამა გამუუგზავნია ვოზურგეთში წითელფთაში მოხსენით ეგზეკუცია, ლომჯარია ჩვენ ხელშიავო. იმავე დღეს მუუხსნიან ჯარი”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32 ლომაჯარიას საქმესთან დაკავშირებით პრესაში სხვადასხვა ურთიერთ გამომრიცხავი წერილები იბეჭდებოდა. ამის თაობაზე თავის გაკვირვებას დროებაც გამოხატავდა და კერძოდ წერდა: “ეს მესამე წერილია გურიიდამ გაზეთ “კავკაზში” ავაზაკობის თაობაზედ და სამივე ერთი მეორეს არ ეთანხმება... ამ სხვა-და-სხვა წერილებიდან ადვილად დაინახავს ყოველი კაცი, რომ ოზურგეთში ყოველი წოდების საზოგადოებაში არის რამოდენიმე პარტია, და ამასთან ყველაზედ არ მოიწერება, რომ კაცმა გაიგოს ცოტაოდენი ეხლანდელი მდგომარეობის მიზეზები... რატომ ეს მდგომარეობა ჩვენში გაჩდა ეს სამი წელიწადია, და 40 წლის წინ არ ყოფილა?” დროება 1892 წ. # 90
ლომჯარია ციხეში ჩასვეს, სადაც მან ორწელიწადნახევარი დაჰყო. 1882 წლის მიწურულს ლომჯარია ციხიდან გაიქცა. ერთხანს იგი გურიაში იმალებოდა, მაგრამ პოლიციისგან შეწუხებული ის აჭარაში გადადის. “გომში იყო ერთი შპიონი, მამასთან დაახლოევებული იყო ძველათ და ივანე დუმბაძემ შეუკვეთა: გოგიე მაშონევო... გიშონიო, დაპირებია. შეხთა მამას იგი და უთხრა: შენი მოცთა აქანაი არ ვარგა, მე გაგათათრეფ, მეინათლები თათრულათ და ქე იქნები, არიკაცი არ დაგიწყებს დევნასო. მამამ იფიქრა... როვა მიღალატებსო და დაეთანხმა. წეიყვანა იმ შპიონმა ხინოში და მიიყვანა ტაკიძის ვოჯახში და აშვილა,” _ მიხაკო ლომჯარია. აჭარაში გასვლის შემდეგ ლომჯარია სოფელში მუშაობდა ერთხანს. არის ჰიპოთეზა, რომ ლომჯარიამ აჭარაში სახელი გადაიკეთა, გახდა ხასანი და მუსულმანურად მოინათლა. შემორჩენილია ხასანისადმი მიძღვნილი რამდენიმე ლექსის ვარიანტი, სადაც ასეთი სიტყვებია: “გურიიდან გამუედი, სახელად ვითქვი ხასანი”, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, რომ ლომჯარია და ხასანი ერთი და იგივე პიროვნებაა, არ შეიძლება.

კაპიტანმა ივანე დუმბაძემ შეიტყო მისი ადგილსამყოფელი და გააგზავნა რვა კაცი მის შესაპყრობად. “მამაჩემს ეძინა, რომ მოსულა რვაი კაცი და მუუნდომებიან ბაწრით შეკვრა. მამას ყაფაღლა კედელზე ქონებია დაკიდული, უუღია აი რვაი კაცი და თოფი გუუსრია, მარა ვინცხას ხელი თოფში უკრავს, მერე მიხმარებიან ვინცხეები და მამა გუუკოჭავენ ბაწრით... წუუყვანიან, მარა ხელი გუუხსნია გზაში, ვინცხაზა ამუურთმოვია სატევარი და ერთიზა კლავი მუუჭრია. თათრებს უთქვამს: ამას ასთე ვერ ჩევიყვანთ ქობულეთში, ჩასლამდი დაგვხოცავსო და ქე მუუკლავენ გზაში ხინოში... (გოგია ლომჯარია იქვე დაუსაფლავებიათ _ ი.მ). იქინე დგანებულა დადიანოღლები. რომ გეიგო დუმბაძემ ლომჯარია მუუკლავენო, წამუუყვანია რაზმი ხინოში, უუყუდებია ხეზე აი მკტარი კაცი და უსრია თოფი. მერე მიმხტარა დადიანოღლებისას და დუუძახია: რომ იძახოდით ფირალი არ გვყავსო, აი რაა, თქვენ ეძოში მოვკალი ფირალი, ყველას გადაგასახლებთ”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 34

დუმბაძეს მოახერხა დროებით სიმართლის დაფარვა და ჩინ-მედლების მოლოდინში ლომჯარია თავის მოკლულად გამოაცხადა. მკვლელობის მოწმენი დადიანოღლები კი დუმბაძეს დაემუქრნენ: “შენ თუ მოკალი ფირალი ნახავ, ჯერ მაი ფირალი არ იყო ჩვენში და მერე რაფერ მოკალი ამასაც განახვებ ბათომშიო”. დადიანოღლებმა დუმბაძეს გუბერნატორთან უჩივლეს და მოახსენეს, რომ შტაბს კაპიტანმა მკვდარ ლომჯარიას ესროლა თოფიო. გამოსაძიებლად დანიშნეს ექსპერტი. “უყურადღებოთ ვერ დავსტოვებთ ერთ გარემოებას, რომელზედაც დღეს არამც თუ ბათომელები, მთელი გურია ლაპარაკობს. ეს გარემოება გამოჩენილის ყაჩაღის ლომჯარიას მოკვლამ გამოიწვია... ამ საქმეზე ფიცხელი გამოძიება სწარმოებს. ადმინისტრაციამ რიგისამებრ საქმე გარდასცა ბათუმის ადგილობრივს გამომძიებელს ბატონს მიქელაძეს”. ივერია 1886 წ. # 94.

გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ლომჯარია ორი დღის მკვდარი ყოფილა. დუმბაძე პასუხისგებაში მისცეს, დაიჭირეს და გადასახლებას უპირებდნენ. ივანე დუმბაძე შეხვეწებია დადიანოღლებს: “...ფულათ გაქცევთ ყველას და გადამარჩინეთო...” დუმბაძემ სხვადასხვა მანქანებით მოახერხა თავის დაძვრენა, თუმცა ამ გახმაურებული საქმის შემდეგ გურიაში აღარ გამოჩენილა, როგორც ამბობენ, ის კიევში გადაიყვანეს.

საფიქრებელია, რომ ლომჯარიას საქმეში სხვა ბევრი ადგილობრივი მაღალი წოდებისა და თანამდებობების პირი იყო გარეული და ის უბრალოდ თავიდან მოიშორეს. ამას ადასტურებს დროებაც: ”თქვენ პატივცემულ გაზეთში არაერთხელ იყო თქმული, რომ ოზურგეთის ბნელი საქმეების გამო კვლევა შეუძლიან სასტიკ რევიზიასო და ეს რევიზია საჭირო არისო. ჩვენც ამ აზრის გახლავართ ერთიანათ და დროც არის ეხლა რაკი ლომჯარია გამოცხადდა, შეიძლება ბევრი საიდუმლო წარმოსთქვას; კიდეც ისმის მისგან ბევრი დაუჯერებელი ამბავი”. დროება 1892 წ. # 90




 ახალი ამბები
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...
  • შესაძლებელია თუ არა სიგარეტზე ფასების მატებით მწეველების რაოდენობის შემცირებასიგარეტებზე ფასები ყოველწლიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც იმატებს, 2016 წლის შემდეგ თამაბქოზე ფასები გაორმაგებულია, მაგალითად, 2016 წელს, ერთი კოლოფი „მალბორო“ თუ ღირდა 3 ლარი, დღეს მისი ფასი 6 ლარს შეადგენს, „პარლამენტის“ კი 4.30 ლარიდან 6.80 ლარამდე გაიზარდ. გაორმაგდა თუთუნის ფასიც. ეს გამოწვეულია, მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა,  ხოლო, უფილტრო(თუთუნი) აქციზის გადასახადმა მოიმატა. მთავრობის განცხადებით,  სიგარეტებზე ფასების მატება მიზნად ისახავს მოსახლეობაში მწეველების შემცირებას, თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდა, საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების  განცხადებით, მწეველების შემცირება ამ რეგულაციებით ვერ მოხერხდება, პირიქით ეს  შედეგი, მხოლოდ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.  როგორც, კომპანია ,,ბრითიშ-ამერიკან-ტობაკოში“ აცხადებენ, დაუსაბუთებელია  ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ხაზს უსვანე იმ ფაქტს,  რომ სიგარეტით ვაჭრობამ “შავ ბაზარზე” გადაინაცვლა. მათი თქმით,  მწეველთა შემცირება,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევით. აღნიშნულმა რეგულაციამ კი ქვეყნაში არარეგალური სიგარეტის შემოდინება გამოიწვია.  “საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე - სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”,_  აცხადებენ კომპანიაში. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდით, ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი   ფსიქიატრს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილს  ესაუბრა. მისი განცხადებით, სიგარეტზე თავის დანებება ძალიან რთულია, რადგან  ადამიანისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  მძიმე გამოწვევაა, ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი   მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ  ახდენს. _ ქალბატონო ნინო, რამდენად რთულია მწეველმა  თამბაქოს მოწევას თავი  დაანებოს? _თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება მარტივი არ არის - არც ემოციური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის მძიმე გამოწვევა ადამიანისთვის, მისი სხეულისთვის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიეჩვია იმ „ქიმიურ“ სიმშვიდესა და სიამოვნებას, რაც ნიკოტინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და თავის ტვინში დოფამინური სისტემის აქტივაციას მოჰყვება. ანუ მოწევის შეწყვეტა დამოკიდეულების ციკლის გახლეჩას გულისხმობს... მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოტივაცია ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ 4-დან 7 პროცენტამდე თამბაქოს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთბაშად,  მკვეთრად შეწყვიტოს მოხმარება. ეს, ერთი მხრივ, ძლიერი ნებისყოფის  საკითხია. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება თავად თავის დანებებისას გამოვლენილ ე.წ. აღკვეთის მძიმე   სიმპტომებს, როგორიცაა   გაღიზიანებადობა,  შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მომატებული მადა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, კოშმარები ან ძილის პრობლემები... და ადამიანი, სწორედ ამ სიმპტომების გამო, კვლავ  სიგარეტის მოწევას იწყებს. _ თამბაქოზე ფასების მატება, ხელს თუ შეუწყობს მწეველების შემცირებას? _ დღეს არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად, 100%-ით სიგარეტის ფასის გაზრდა მხოლოდ 5%-ით ამცირებს მოზრდილ პოპულაციაში მის მოხმარებას. იაპონიაში 7 წლიანი დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ სიგარეტის 40%-ით გაძვირების შემდეგ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოწევა, მცირედ  შემცირდა აქტიურ  მწეველთა რაოდენობა, მაგრამ მოხდა სხვა, “ნაკლებად საყვარელი გემოს“ ანუ უფრო იაფიან მოსაწევზე გადანაცვლება. _ თუ ფასების მატების მიუხედავად ადამიანები, ვერ შეძლებენ   მოწევის დანებებას, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის კუთხით თუ  შეექმნებათ  რაიმე სახის პრობლემა, როცა მოთხოვნილების  დააკმაყოფილებას ვერ ახერხებენ? _ დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, თუ ადამიანი მოწევას გააგრძელებს.  ადამიანი, რომელიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას წინასწარ დაგეგმავს, შემცირებს იმ სიტუაციებს (ე.წ. ტრიგერებს), რაც აცხოველებს სიგარეტის მიმართ მოთხოვნას -  უფრო თანმიმდევრულად და ნაკლები პრობლემებით შეძლებს მოწევისტვის თავის დანებებას.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგი შედეგები უკვე ერთი საათის შემდეგ იწყება... 1 დღის შემდეგ გულის შეტევის განვითარების რისკი შემცირებას იწყებს, 2 დღის შემდეგ მცირედით აღდგება ყნოსვისა და გემოვნებითი შეგრძნებები; 5 წელიწადში - პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკი ნახევრდება და მკვეთრად მცირდება ინსულტის განვითარების რისკიც. 10 წელში - ფილტვის და პანრეასის კიბოთი სიკვდილის შემთხვევები ნახევრდება. ამიტომაც ყოველი დღე - უსიგარეტოდ გატარებული, აღქმული უნდა იყოს, როგორც წარმატება და ნებისმიერი ჩავარდნა - დამარცხებად არ უნდა აღიქვათ. როგორც ცნობილია, ფასების მატება 2024 წლამდე ისევ ... ...
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...