პირველი ფირალები

ისტორია

პირველი ფირალები

2019 ოქტ 30 17:32:07

პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. “25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს... გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა დროება 1879 წ. #159

გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი დამცემი ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა. დროება 1879 წ. #174 გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. “...ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის გზის-მჩვენებელსა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო”. დროება 1879 წ. #197

ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “...საწყალ ქობულეთელებს აბარებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო”. დროება 1879 წ. #191 * (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “...თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს” კვალი 1896 # 32 გვ. 564) შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს; მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები”. დროება 1879 წ. #191 ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს. 1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. სავარაუდოდ, ეს ის მელქისედეკ მახარაძეა, რომლის ბინაში შედგა ე. წ. “ბახვის საიდუმლო კრება”, სადაც თითქოსდა დაიგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საქმის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილიას მკვლელობის საქმე ბახვში არ გადაწყვეტილა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციაზე და ბახვში გამართულ კრებას მხოლოდ როგორც უკვე მიღებული დადგენილება მოხსენდა. თუმცა ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა დაგეგმეს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ფილიპე მახარაძეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განუცხადებია:” ჩვენ, მესამედასელებმა, კომინისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დაგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა”. გ. აბაშიძე ილია ჭავჭავაძე ცხოვრება და ღვაწლი 2005 წ. გვ. 144

აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. “...ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ გასათხოვარი ქალი. ამბობენ ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს... შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში”. დროება 1882 წ. #257

როგორც ირკვევა ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”...ჭყონია არა ერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა ხან სატუსაღოდან და ხან გზიდგან”. დროება 1884 წ. # 70 ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ამახვილებს ე. ნინოშვილი ერთ წერილში: ”...ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია”. ე. ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული 1954 წ. გვ 514-515 ეს ალბათ, ზევით დასახელებული კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.

მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში. დროება 1884 წ. # 70 “...სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოებს შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი, მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.

ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს” _ აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე დროება 1884 წ. # 70

ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: “გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია... ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე ოცს მარტს, ასე რომ იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით.

მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბ ზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელ_დაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნ-აღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითანო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ დ აიმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს.

ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავსი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოც-და-ოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა.” დროება 1884 წ. # 73

ჭყონიას ვითომდა მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლოდ ეჭვი იყო გაჩენილი, ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ჭირისუფალს მიცვალებული ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე გადასცეს დასამარხად, ანუ ამით საქმის მიჩუმათება უნდოდათ. თუ რა ბედი ეწვია პოლიცის პრისტავს ჩიგოგიძეს და მის ამქრებს, უცნობია.

გაზეთ Кавказъ-ში აღწერილია ორი ცნობილი ფირალის კ. გოგუაძის და პროკოპი ჭყონიას მოკვლის ამბავი. 1886 წლის 10 მარტს მაზრის უფროსის მოადგილეს შეატყობინეს, რომ სოფელ ჯუმათში, ერთი გლეხის სახლში იმალებოდა ფირალი კ. გოგუაძე, რომელიც თურმე მთავრობას შვიდი წელი გაურბოდა (გუგუნავას წერილის მიხედვით ის გასცა ვინმე კუკულავამ). ქუთაისის მაზრის სასამართლომ კაცის მოკვლის გამო მას კატორღა მიუსაჯა. მაზრის უფროსის მოადგილემ პრისთავი და ათი ცხენოსანი წამოიყოლია მის დასაპატიმრებლად. გოგუაძემ ნახა რა პოლიციელები, სახლიდან გამოვარდა, სნეიდერის მარკის თოფიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა და გაიქცა. მდევრებმა ის სახლიდან ორი ვერსის დაშორებით სამალავში მიაგნეს და მოკლეს. Кавказъ 1886 წ. # 74

1886 წლის 13 მარტს მოკლეს ფირალი და კატორღა მისჯილი პროკოპი ჭყონია. პროკოპი ჭყონიასადმი მიძღვნილი ლექსის მიხედვით ირკვევა, რომ ის ცოლ-შვილის სანახავად ჩუმათ სახლში დაბრუნებულა. ხალხური ლექსის მიხედვით დამსმენი ყოფილა ბათლომე ჩხაიძე _ “თურმე ბათლომაი ჩხაიძე საღალატოთა ძრებოდა”. პოლიციელებმა სახლს და ალყა შემოარტყეს და “ატყტა თოფების გრიალი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოქაული ირაკლი დუმბაძე (ირაკლი და ივანე დუმბაძეები, ფირალების დაუძინებელი მტრები, განთქმული პოლიციელები იყვნენ. მათ რამდენიმე მათგანი ჰყავდათ დაჭერილი და მოკლული). ჭყონია სახლიდან გამოვარდა:

ბოქაულს თვალი მოვკარი,

ილაკრე იყო დუმბაძე,

მუუხტი თოფი ავართვი

და მივაყოლე დუმაზე.

ჭყონიამ დუმბაძე დაჭრა, თვითონაც ფეხში დაჭრილმა გაქცევა და გზა-და-გზა სამი კაცის მოკვლა მოახერხა. მრავალგზის დაჭრილმა მან საკმაოდ დიდი მანძილი გაირბინა, მაგრამ პოლიცია დაეწია და დაცხრილა.

ისთე გაწვიმდა ტყვიები,

რავარც ზეციდან კოხია,

სამი ვერსი გადვირბინე,

მარა აღარ მაქ ხოხია.

შიგანი გარეთ მოცივა

და დავაბუშტე ჭინჭები.

Кавказъ იუწყებოდა, რომ დარჩა კიდევ ერთი ყაჩაღი გოგია ლომჯარია, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე იმალებაო. გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი დაჭერით მაზრაში სიმშვიდე დაისადგურებსო. Кавказъ 1886 წ. #74.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში, 40-დან 40 ქულა, ფიზიკაში, 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 20-დან 20 ქულა. _მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუკგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი. გიორგი მეგრელიძეს „გურია ნიუსი“   დაუკავშირდა: _მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში შედგება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...
  • დავით მჟავანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესენმ-ს ოზურგეთელი  ლიდერი დავით მჟავანაძე და მასთან ერთად 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?