მოვითხოვ კანონიერების აღდგენას!
ბატონო ბიძინა, ნათქვამია, ურემს ტვირთი რომ დააწვება, მაშინ იწყებს ჭრიალსო. მეც დამაწვა ოჯახის დიდი ტვირთი, რომელიც ვერ დავძლიე ჩემი ბრძოლით და ამიტომაც მოგმართავთ თქვენ.
სამართლებრივ და დემოკრატიულ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს არ აწუხებენ ასეთ საკითხებზე, რადგან იქ, როგორც მოგეხსენებათ, ყველა საჯარო ინსტიტუტი მზადაა, კანონიერი პასუხი გასცეს მოქალაქეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი ქვეყანა შორსაა სამართლიანობისგან.
თავი რომ არ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ ვარ რეპრესირებული წინა, ეგრეთწოდებული "ხელისუფლების" მიერ. არ დამკლებია ქონების ჩამორთმევა, დაყადაღება, დაკავება, ქვეყნიდან გაქცევაც კი. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამიჩნდა დიდი იმედი, რომ კანონიერება აღდგებოდა ჩემს მიმართ, მაგრამ ეს იმედიც ნელ-ნელა ქრება.
დარწმუნებული ვარ, 7-8 თვეში წარმოუდგენელია ყველა იმ უსამართლობის და სიბინძურის აღმოფხვრა, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. მაგრამ ეს პროცესი ხომ უნდა დაიწყოს?! მე არ მოვითხოვ არც ფინანსურ და არც მორალურ დახმარებას _ ვითხოვ კანონიერების აღდგენას.
კაცი, რომელსაც დასაქმებული მყავდა 70 ადამიანი, საკუთარ ოჯახს ვერ ვარჩენ იმის გამო, რომ დაყადაღებული მაქვს უძრავ-მოძრავი ქონება _ ვერც ვყიდი რამეს, ვერც სესხს ვიღებ, საქმე რომ წამოვიწყო. ვარ ხელფეხშეკრული. გასაგებია, რომ ქონების უკან დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება, მოვიცდი, მაგრამ ყადაღა მაინც მომიხსნან, რომ რაღაცის შექმნა შევძლო!
ყველა ინსტანციას მივმართე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ერთადერთი კაცი, რომელიც გვერდში მიდგას ამ ბრძოლაში, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ჩხაიძეა.
ძნელია, ამ მოკლე წერილში გადმოგცეთ ყველა ის გაჭირვება, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. უმორჩილესად გთხოვთ, ნახოთ ტელეკომპანია "მაესტროს" ვებგვერდზე, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება _ "ნაციონალური გაკულაკება", წაიკითხოთ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული არა ერთი ჟურნალისტური მოკვლევა ჩემს საქმეზე, რაც რეალურ წარმოდგენას შეგიქმნით ჩემი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
პატივისცემით, კორნელი კუკულაძე