"თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"

მკითხველი

"თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"

1970 იან 1 04:00:00

უნდა ვაღიარო, არც თუ კარგი გრძნობა აღმეძრა: შემშურდა! ანუ ისინი ოცნებობენ, მკვლელობისგან, ქურდობისგან, ღალატისგან, ტყუილისგან თავისუფალ საზოგადოებაზე. ამას თუ დავუმატებთ გაუთავებელი ბაქიაობისგან, ამბიციისგან და ტრაბახისგან გათავისუფლებასაც, მივიღებდით, ალბათ, რაღაც სამოთხის შორეულად მსგავს საცხოვრებელს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგრამ თავისთავად, ასეთი ოცნებაც ხომ ძალიან აკეთილშობილებს ადამიანებს?

ისე, თუ მიგიქცევიათ ყურადღება, ათ მცნებაში არ არის მცნება _ "არა იცრუო", ამის მაგივრად არის "არა ცილი სწამო წამებითა ცრუითა"!

ჩემი აზრით, ეს უფრო მეტია _ ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილი მაშინ არის დასაგმობი, როცა იგი რაღაცას (კარგს) აზიანებს, ანუ ცილის წამებად იქცევა.

ტყუილებით ცხოვრებას კარგა ხანია მივეჩვიეთ (ან მიგვაჩვიეს). ტყუილით ცხოვრებამ შეიწირა და გადააგვარა ჩვენი გუშინდელი დღე, რაც ჩვენი დღევანდელი და შესაბამისად, ხვალინდელი დღის გარანტი უნდა იყოს. ტყუილით ცხოვრება ქართულმა საზოგადოებამ პირველ ოქტომბერს სამუდამოდ დაგმო, და არავის არასოდეს აღარ უნდა მივცეთ უფლება ისევ ტყუილებით გვაცხოვროს. მერე რა, თუ საქმე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს შეეხება?!

ტყუილზე უარის თქმა ღირსეული საქციელია, მაგრამ არსებობს ერთი აუცილებლობა: ღირსება არაფერია თავისუფლების გარეშე, ღირსება და თავისუფლება კი ყოველთვის არ არის ტოლი. საშინელებაა, როცა ცდუნების წინაშე ხარ, რაღაცის სანაცვლოდ დათმო თუნდაც რომელიმე ამ პრინციპთაგანი. საბოლოოდ, თავისუფლება არის ღირსება, რომ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ გააკეთო; არჩევანი ღირსების სასარგებლოდ, ან არჩევანი ღირსების ხარჯზე _ ამაზე მნიშვნელოვანი არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.

ვფიქრობ, ყველა ადამიანის ღირსება და თავისუფლება გარკვეულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, რაც ყველაზე მთავარია, რამდენად ერთგულია თავისი მრწამსის. ამის საუკეთესო მაგალითს ჩვენი წინაპრები წარმოადგენდნენ _ როგორ სწორედ ისინი არ ემორჩილებოდნენ ძალაუფლებით გარყვნილ მეფეებს და პროტესტს უკიდურესი ფორმით გამოხატავდნენ სისტემის წინააღმდეგ. პრობლემა ხომ პოლიტიკაში კი არა, თვითონ ქართველ ხალხშია. სულ რაღაც გუშინ, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცოდა, რომ მის ლაპარაკს ვიღაც უსმენდა, ისიც, რომ მრავალი დამნაშავე თავისუფალი იყო, უდანაშაულო კი _ პატიმარი, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, უმეტესობას ეშინოდა და სწორედ ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ თავის უფალნი.

როგორც ჩანს, ნებისმიერი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება. საკმარისია, რომელიმე ძალაუფალი რომელიმე თავისუფალ ადამიანს გადაეყაროს და იქ მთავრდება ღირსება, არჩევანი ქრება და რჩება უალტერნატივო ძალაუფლებით ტკბობა, რომლის მიზეზიც და შედეგიც, სინამდვილეში, უძლურებაა.

ამბობენ, რომ ძალაუფლების დაუფლება ადამიანებს ცვლის. რა არის ამის მიზეზი? ძალა? გადაწყვეტილებების მიღების უპირატესობა? სიტუაციის მართვა? სინამდვილეში, ვინ არის ძლიერი? ვინც წყვეტს, თუ ვინც მართავს პროცესებს? ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს, თუ ის, ვინც თავისუფლებას ირჩევს? რომელია უფრო ძლიერი? ჩვენი საინფორმაციო სინამდვილიდან რომ ავიღოთ, რომელი უფრო დაამახსოვრდება ისტორიას _ თავისუფალი სიტყვის მსახური ეთერ ქადეიშვილი, რუსუდან ბერიშვილი, თუ ქალი ხელმძღვანელი, რომლისთვისაც, როგორც ამბობენ, ჟურნალისტებთან საურთიერთობოდ ყველაზე უწყინარი სიტყვა იყო _ "უკომენტაროდ"? რომელი იყო ამათ შორის გადაწყვეტილების მიმღები? რომლის ხელში აღმოჩნდა პროცესის მართვა?

პორველი ოქტომბერი სწორედ ამის მტკიცებულება იყო!

პოლიტიკოსი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია საზოგადოების და არა პარტიის წინაშე! სანამ ამას არ შეეგუებიან ჩვენი ძალაუფლების მოყვარე პოლიტიკოსები (და არა მარტო ისინი), დემოკრატიაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ხომ საინტერესოა, რა ხდება დღეს ჩოხატაურში? როგორ იქნა აღქმული და გაგებული ის მონაპოვარი, რისთვისაც ადამიანებმა ლამის საკუთარი თავით აგეს პასუხი? განა გამარჯვებამდე საუბარი არ იყო იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში გასახორციელებელი ნებისმიერი ნაბიჯი დემოკრატიულად გადაწყდებოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარს ვიტყოდით ტყუილზე, ადამიანის უფლების დარღვევაზე, არაპროფესიონალიზმზე, პატიოსანი ადამიანების ფეხქვეშ გათელვაზე?

სინამდვილეში ხომ რაც მოხდა, ყველაფრის მიზეზი ეს ჩამონათვალი იყო? თუ ჩოხატაური არ ეკუთვნის საქართველოს?

კარგად მესმის, რევოლუციას ახასიათებს ის, რაც დღეს ხდება, მაგრამ, ხომ არ გადავაჭარბეთ? დღეს, რევოლუციონერები’და მათ გარშემო შემოკრებილი ე. წ. ინტელექტუალები, განსხვავებულ აზრს ვეღარ იტანენ! ალბათ, ესაა მიზეზი, ასე ხშირად რომ ისმის ჩვენს გარშემო ტერმინი _ "საბჭოთა მენტალიტეტი".

არ ვიცი, რა ხდება სხვაგან, მაგრამ საბჭოთა მენტალობის გარემო შეიქმნა დღეს ჩოხატაურში, სადაც ლიდერი ყოველთვის მართალია! ყველა დონეზე!!! ლიდერის კულტის შექმნის რევოლუციური სქემა აამუშავეს და არავის აინტერესებს, როგორ განავითარებს ეს ე. წ. ლიდერი იმ მონაპოვარს, რაც ოქტომბერმა (წითელს არ ვგულისხმობ!) უნდა მოგვიტანოს! აი, ამიტომაც, დღევანდელობა ძალიან კარგი მაგალითია იმის გასაგებად, როგორ გარემოში ვცხოვრობთ ჯერ კიდევ და რის მიხედვით აფასებენ ადამიანებს, როგორი საზოგადოება უნდათ რომ ააშენოს, თუნდაც, დროებით სათავეში მოქცეული ადამიანების უმრავლესობას! რატომ ჰგონიათ, რომ ლიდერობა უფრო მეტია, ვიდრე პროფესიონალიზმი? ნუთუ სულ, სულ აღარაფერშია საჭირო აქამდე ასე ნაცნობი გამოთქმები _ ინტელექტი, განათლება, გამოცდილება, და კიდევ ბევრი, მათთვის "მოსაბეზრებელი" მსგავსი ტერმინები?

პირადად ჩემთვის, რევოლუციის შემდგომი პირველი მონაპოვარი სწორედ საკუთარ თავში თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი აღმოჩნდა. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ თავისუფალ ხალხთან ერთად ცხოვრება სულაც არაა საამური, მივხვდებით, რატომ გაძნელდა ხელისუფლების პოსტზე "მჯდომარე" მეგობრებთან ურთიერთობა.

ცოტა ხნის წინ, ტელევიზორში აფრიკული ტომის რიტუალს აჩვენებდნენ. ამ ტომში მამაკაცად რომ ჩაითვალო, ერთად შეკრებილ ნახირს ზემოდან უნდა გადაურბინო, ხარიდან ხარზე გადახტე ისე, რომ არ ჩამოვარდე. ამ ტომში არჩევანი არ აქვთ _ მამაკაცი მხოლოდ მეომარი უნდა იყოს და არამეომარი სრულფასოვან ადამიანად არ ითვლება. მათ რომ სჭირდებოდეთ მეცნიერი, მუსიკოსი და ასე შემდეგ, ადამიანები სხვა სახის გამოცდასაც გაივლიდნენ და, შესაბამისად, სხვა სფეროშიც დაიმკვიდრებდნენ თავს.

რაკი იქ ან მეომარი ხარ, ან არარაობა, არჩევანი არ აქვთ და შესაბამისად, არც არჩევნის თავისუფლებაა იმათთვის, ვისაც მეომარი არ უნდა, ან არ შეუძლია იყოს. თავისუფალი საზოგადოება კი ის არის, სადაც ყველა ადამიანს აქვს თავის დამკვიდრების შანსი და ამავე დროს, არჩევანიც არის, იყოს მეომარი, სწავლული, თუ სხვა რამ..

მგონი, ამ ინგრედიენტების აჯაფსანდალია დღეს ჩოხატაურში. თითოეული ახალმოსული თავის გზას ირჩევს, თავის რკინის ნიღაბს, რომელიც ისე შეეზრდება სახეზე, რომ ჰაერივით შთანთქავს მის უკან მდგომ პიროვნებას.

ბევრი მათგანი ლაქიად დაუდგა დღეს ხელისუფლებას და გუნდრუკს უკმევს იმას, რაც სავალალოა, რასაც ჯერ კიდევ ოქტომბრამდე ზეწოლას ვეძახდით, მონობას, გაჩუმებას, წაყრუებას, ცუნდრუკს, არაპროფესიონალიზმს, კორუფციას, ნეპოტიზმს, ფალსიფიკაციას, პირფერობას....

ბევრი განვითარებული რაიონი ვერ დაიკვეხნის ისეთი პროფესიონალებით, როგორებიც, საბედნიეროდ, ჩვენს გარშემო არსებობენ, მაგრამ მათ რატომღაც ვერ დაიმკვიდრეს ადგილი, ვერც წარსულში ვერც აწმყოში. მათი ადგილი მუდამ დაკავებულია, მერე რა, თუ ის ადგილი არაპროფესიონალს უჭირავს.

და რადგან ხელისუფლებაში მოსვლა მეგობრულ ურთიერთობაზე უარის თქმასაც ნიშნავს თურმე, მინდა აქედან მივმართო გუშინდელ ოპოზიციონერებს: ხალხო, ერთ დროს ნამდვილო და ახლა ეგრეთ წოდებულებო _ რა მოგივიდათ? თქვენ ხომ ჩვენი ახლობლები იყავით, განა ყოველ საღამოს არ ვხვდებოდით ერთმანეთს? ერთად არ ვიცინოდით და დავცინოდით ნაციონალების რეჟიმს, ერთად არ ვტიროდით და ვიდევნებოდით? ერთად არ გავყვიროდით _ "რას გვიშვება ეს მთავრობა?" ერთად ვოცნებობდით აგვეშენებინა დემოკრატია. და... რა გამოვიდა?

დემოკრატიის აშენებაზე ვოცნებობდით და საკუთარი კეთილდღეობის შენება დაიწყეთ? ოპოზიციონერები იყავით და ლაქიები გახდით? ვაზელინი გაიაფდა?

მეძნელება გაგამტყუნოთ. ცხოვრება ძნელია, გმირობა _ მით უფრო. განსაკუთრებით, როცა ოჯახი გყავს.

მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილად არაა ის, რითაც მომავალში იამაყებთ. თქვენ დღეს კიდევ ერთხელ აუპატიურებთ ისედაც გაუპატიურებულ რაიონს. ის უფრო მნიშვნელოვანია, კომფორტულად იგრძნო თავი და არ დაინახო, როცა გვერდით ადამიანებს ისევ ამცირებენ? როცა ადამიანებზე ისევ ზეწოლა ხორციელდება, როცა უზნეობა ზეიმობს, როცა უვიცობა იმარჯვებს ცოდნაზე, როცა ძველი კორუმპირებული სახეები განახლებულებად გვევლინებიან, მაშინაც ღიმილიანად უნდა იჯდე?

არადა, როგორ ყველას გვეგონა, რომ საქართველოში დადგა დრო, როცა პროფესიონალიზმი არაპროფესიონალიზმს არა თუ მეტოქეობას გაუწევდა, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდებოდა. როცა პატიოსნება საბოლოოდ დაიჭერდა დამსახურებულ ადგილს.

მაგრამ როგორც ჩვენი სწორუპოვარი "წინაპარი" იტყოდა: "ნურას უკაცრავად"!

სწორედ ასეთი პატარ-პატარა "შეცდომებით" თუ "შეცოდებებით" შეექმნება საფრთხე იმ საერთო მონაპოვარს და აქედან ცოცხებამდე მანძილიც დამოკლდება!

პატარა გადახვევას გავაკეთებ, იმაზე, თუ როგორ მოვედით იქ, სადაც ვართ _ მიხეილ სააკაშვილისთვის, ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წუთიდანვე, როცა ჯერ კიდევ შუამდე ჰქონდა დალეული შევარდნაძის დანატოვარი ჩაი, მისი ცხოვრების მიზანი გახდა მოპოვებული ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება! სწორედ ამიტომ, ის არ ყოფილა და ვერც იქნებოდა დემოკრატი, მის უკან აღმოჩნდა ძალადობის, ავტოკრატიის, კორუფციის და ფუქსავატობის წარმართვა.

რა ხდება დღეს?

დღეს საზოგადოება გაირინდა. ხალხი დაეჭვდა: ნუთუ ისევ? ნუთუ ამჯერადაც?

არავითარ შემთხვევაში! ჩვენ, თუნდაც ერთეულებმა, არ უნდა დავუშვათ, რომ დემოკრატია მომხიბვლელი დედოფლის სტატუსიდან ისევ ტალახში ამოვსვაროთ.

არავის მივცეთ ნება არქიფო სეთურისეული "სიბრძნე" შემოგვაპაროს: "მთავარი ის კი არაა, ხალხი გააბედნიერო, მთავარი ისაა, რომ ხალხი დააჯერო მათ ბედნიერ ყოფაში, რაოდენ უბადრუკიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი". და რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებს დამონებული ხალხი!

მაგრამ რაშია გამოსავალი? კადრები, მეგობარო, კადრები!

"კადრები წყვეტენ ყველაფერს!" _ ამბობდა ლავრენტი ბერია.

კადრები კი მხოლოდ კონკურსის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით გამოვლინდება!

ჯერ კიდევ გუშინ, ნაცმოძრაობის საზოგადოებაზე ზემოქმედების "საუკეთესოდ" აპრობირებული მეთოდი მისი დამშევა გახლდათ. როცა მოძალადე მთავრობა ადამიანს საარსებო მინიმუმსაც აღარ უტოვებდა, ამით მის ღირსებას ამცირებდა, მისი ოჯახის არსებობას საფრთხეს უქმნიდა და იძულებულს ხდიდა, შეხვეწებოდა _ არ გამაგდო სამსახურიდან, არ წამართვა სარჩო, ნუ დატოვებ მშიერს ჩემს ოჯახს, ნუ დამინგრევ ცხოვრებასო. დღეს ჩოხატაურში ღიად საუბრობენ და კითხულობენ, რა პრინციპით შეირჩევა ისეთი კადრები, რომლებზე გაცილებით პროფესიონალები ჯერ კიდევ "მონაცემთა ბაზაში" ჩარჩენილად გრძნობენ თავს? ან რას ნიშნავს ის, რომ ნაციონალების მთავარ-მთავარი აქტივისტების განაწყენებას ასე მწარედ ერიდებიან და მათთვის საგანგებო შტატებსაც კი იგონებენ? ამაზე პასუხი ერთია _ ასეთი ადამიანი ხომ უკვე პლასტელინისაა და რასაც გინდა, იმას გამოძერწავ მისგან. ხელფასი ისეთი რამაა, ყველაფერს რომ გააკეთებინებს ადამიანს _ "ორ თუმნად ფოთის პოლიცმეისტერიც გაიხდის!"

სხვათა შორის, თუ გახსოვთ, ნაციონალებმა სამსახურებში გატარებული რეფორმების მიხედვით პირველ რიგში შეამცირეს და გამოყარეს ლექტორები, აკადემიკოსები, მასწავლებლები, ექიმები, ადვოკატები, მოსამართლეები ანუ ის ხალხი, ვინც პლასტელინობას ვერ " გაქაჩავდა". მეთოდები? ძალიან ჰგვანან ერთმანეთს!

გახსოვთ, ალბათ, გურამ დოჩანაშვილის დამწყები სოცაგენტი თამაზი და მისი სავალალო "ჩამოლაბორანტება" _ დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაცმოძრაობის აქტივისტების მიმართ დღემდე არნახული მეთოდი დააპატენტა _ "გადალაბორანტება".

და აივსო ეს ისედაც დაქცევისპირასმდგარი ქვეყანა დამორცხვებული და დანაზებული, აღფრთოვანებული, კმაყოფილი ქალბატონებით და ვაჟბატონებით.

ხომ იცით, როგორ ითესება ქინძი? მოთესვით. თესლს მუჭში იქცევ და მერე წინასწარ დაბარულ მიწის კვალში მიმოაბნევ. სულ ეგაა.

სარეველა, იცით, როგორ ითესება? არ გაიკვირვოთ _ სარეველას რად უნდა დათესვაო, არც მასეა საქმე...

სარეველას, რომელიც ნამდვილ სასარგებლო მცენარეს, მაგალითად, ქინძს ჰგავს, თესავ და რომ ამოდის, კარგა ხანს ქინძი გგონია. მაგრამ როცა ის გლერტა მთელ ბოსტანს მოსპობს, სუფრაზე მიტანილი კი სტუმრებს ღებინებას დააწყებინებს, მერე ხვდები, რომ ქინძი და გაბითურებული თავად ხარ!

ყურადღებაა საჭირო! ყველა ქინძი ქინძი არაა, ზოგიერთი შეიძლება სარეველა იყოს, მაგრამ ჯერ სადაა, თუ "პირველის" ნება გაგრძელდა, ან დროში გაიქაჩა, მერე ნახე შენ სარეველების ყვავილობა...

სიყვარული ბრმააო, ამბობენ. თანაც თუ საქმე სკამის სიყვარულს ეხება. რა ქნას ახლა ამ დანიშნულმა კაცმა (ლიდერებს ვგულისხმობ!)? სამსახურს ხომ არ დაანებებს თავს? რა თქმა უნდა, არა. განათლება არ მყოფნისო, პროფესიონალი არ ვარო, ხომ არ იტყვის? ღმერთმა დაგვიფაროს, ხომ ჩაგვიქრა ძლივს აღმართული შუქურა! ჰოდა, რჩებიან გუშინდელი არაობიექტურობის მდევნელები სამსახურებში და აგრძელებენ "ხელმძღვანელობანას". შეიძლება თავადაც არ ახსოვდეთ კარგად, სახელმწიფო სკამზე სხედან თუ კერძოზე.

ეს ყველაფერი კი, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს _ ჩოხატაურში, ადამიანის უფლებები ჯერ კიდევ ლიტონი სიტყვებია და ხანდახან იმდენად უაზროდ ეჩვენებათ, რომ ხელისუფლების ბურჯები ცინიკურადაც იხსენიებენ მას. მაგალითად, ხუმრობით _ მოკლეთ, რაც მოგივიდათ, ყველა თქვენი თავითაო.

და რას ემსახურება ეს ყველაფერი? მოსახლეობის ნიჰილიზმში გადაყვანას, საზოგადოებრივი აზრის დაბნევას, საკუთარი შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენის შეცვლას. არადა, საკადრო პოლიტიკისადმი ასეთმა მიდგომამ საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის მხრიდან ახალი პოლიტიკური ძალისადმი ნიჰილიზმი, ხოლო პერსპექტივაში _ ადგილობრივი პოლიტიკური ძალის სრულ კრახი მოსალოდნელი და უცილობელი მორალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო. ეჰ, რამდენიც უნდა აშენო ჩვენში, მაინც კომუნისტურ პარტიას მიიღებ; რამდენიც არ უნდა მოინდომო, სახეები არ იცვლებიან, სიმამრის მეგობარი, მამამთილის თანაგუნდელი, ბიძაშვილის მეზობელი, ჩემი ცოლის დაქალები... იმიტომ, რომ ქართული გულწრფელობა მლიქვნელობაზე, პირადულზე, შურისძიების სურვილზე შორს ვერ მიდის. ისევ ზარ-ზეიმები, "ქურჩენიანი" დოქი, კეცის მჭადები, ჩხავერები თუ ალადასტურები, ახლად თუ ძველად დანიშნულთა კმაყოფილი სახეები, აღფრთოვანებული ლაივები და თვით პირველ პირთა საზეიმო პათოსი... არ შეგვიძლია ქართველებს სხვანაირად _ გვიყვარს კოლექტიური სითბო უბრალო, უინტელექტო, უდიპლომო ურთიერთობებით....

თავისუფლება კი მართლაც კარგი რამაა, ფასდაუდებელი განძია, ბედნიერებაა, რომელიც მართლაცდა, "ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!"

(იბეჭდება მცირე შემოკლებით)

გურამ ბერძენიშვილი




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.  აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.  OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგებიანობის შესახებ.  „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.  OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ... ...
  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9709 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • "თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება" _ ვოლსკითუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას. „თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ... ...
  • რა მოხდა თელავში _ საზარელი მკვლელობის დეტალებითელავში, ქმრის მიერ მოკლული ქალი, შვილმა იპოვა. კრიტიკულად მძიმეა შუახნის მამაკაცისს მდგომარეობაც, რომელმაც ცოლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია დაახალა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი აცხადებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორებულები იყვნენ. „მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით, რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი ... ...
  • სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.  ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  ... ...

არქივი

ზაფრანი

სასმელი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

რა ხდება, როდესაც ლიმონს იყენებთ...

ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილო ყოფილა

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერ-თანამშრომლებმა ჩაატარეს...

უნიკალური ხილი

ბუნებაში უამრავი მკურნალი საშუალება არსებობს,...

ბანანის დიეტა

ბანანი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა...

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...